English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
„მკვლელი ვირუსი“-თ გამოწვეული ადამიანთა დანაკარგი საქართველოში

ანოტაცია. უკვე წელიწადზე მეტია რაც პანდემიის პირობებში გვიხდება ცხოვრება. ჩვენი დღევანდელი ყოფა მრავალი პრობლემითა დამძიმებული, რომელთა შორისაცაა ადამიანთა დანაკარგი. ნაშრომში ამ პრობლემას ეხება. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ნაჩვენებია საქართველოში ერთი წლის განმავლობაში  კორონავირუსული ინფექციის ორი ტალღის პირობებში  ინფიცირებით გამოწვეული ადამიანთა დანაკარი და მისი გავლენა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. პანდემიის პირველი ტალღა საქართველომ ადამიანთა ნაკლები დანაკარგით გაიარა,  მეორე ტალღის დროს კი აღინიშნებოდა ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა სამ წელთან შედარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელთან  შედარებით  გარდაცვალების უფრო მაღლი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2012 , 2014, 2015  და 2016 წლებში. მაშინ როცა არავითარი პანდემია არ არსებობდა.

საკვანძო სიტყვები: ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელი. 

შესავალი

ჩვენ ვცხოვრობთ ცვალებად, დინამიურ, სულ უფრო რთულ სამყაროში, რომლის გაგება და მიღებაა საჭირო და ამას ვახერხებდით კიდეც. მაგრამ 2020 წელი სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. ის მოიცვა XXI საუკუნის მესამე ზოონოზურმა კორონავირუსულმა აფეთქებამ და   ჯანმრთელობის გლობალური პრობლემა წარმოშვა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) 2020 წლის 11 მარტს ახალი კორონა ვირუსი (СOVID-19) პანდემიად გამოაცხადა. დღესაც პანდემიის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ვირუსით გამოწვეული საბოლოო შედეგების პროგნოზი ჯერ კიდევ შეუძლებელია.

ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორიაში არსებობს ინფექციების გავრცელების შემთხვევები, რომლებმაც მილიონობით მეტი ადამიანი შეიწირა ვიდრე ომმა. ისტორიკოსი ფუკიდიდი წერდა ეპიდემიებზე ძველ საბერძნეთში ჩვ. წელ.აღ. II საუკუნეში. VI საუკუნეში იუსტიანეს დროს ევროპაში გავრცელდა შავი ჭირის ეპიდემია. VII საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემია აღინიშნა იტალიაში, ინგლისსა და ირლანდიაში, მაგ. ირლანდიაში გადარჩა მთელი მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი. ევროპისათვის ყველაზე მძიმე იყო შავი ჭირის ეპიდემია 1348-1353 წწ., რომელიც ცნობილია „შავი სიკვდილისა“ და „დიდი პესტიციმიის“ სახელით. შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული იყო ყვავილი და კეთრი (მხოლოდ საფრანგეთში არსებობდა 2 ათასამდე ლეპროზოლია). XV საუკუნის ბოლოსა და XVI ს. დასაწყისში მძვინვარებდა სიფილისი. მე-18 საუკუნის ბოლოსათვის ეპიდემიების გავრცელება შემცირდა და პრაქტიკულად ნულამდე დავიდა. მაგრამ მე-19 ს. ევროპაში გავრცელდა ქოლერა, მაგ. მე-19 ს. 40-იან წლებში ინგლისში გარდაიცვალა დაახლოებით 50 ათასი კაცი [Урланис 2007: 272-276]. საარქივო ცნობების მიხედვით საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიები მე-19 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 1803 –1807 წწ., 1811 – 1812 წწ., 1838 – 1843 წწ. დაფიქსირდა. ისტორიული ცნობებითმაშინდელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ხოლო იმერეთის სამეფოში მცხოვრებთა თითქმის ნახევარი შეიწირა. 1918 წლიდან, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ძლიერ პანდემიად ითვლება „ესპანკა“.  დედამიწის მოსახლეობის 30%-ზე მეტი ამ ვირუსით დაავადდა, 100 მილიონზე მეტი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. 1957 წლის თებერვალში აღმოსავლეთ აზიაში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა (H2N2), რამაც პანდემია წარმოქმნა. აზიურმა გრიპმა მსოფლიო მასშტაბით 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2009 წელს, პანდემიად გამოცხადდა ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსი, რომელიც 2010 წლის აგვისტოში დასრულდა. მთელ მსოფლიოში ვირუსმა 575 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2014 წელს მთელ მსოფლიოში პანდემიის ახალი საშიშროება ემბოლას ვირუსი – ყველაზე ლეტალური ეპიდემია წარმოიქმნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ებოლას ვირუსის მოკვდაობა 90%-ს აღწევს [გომელაური. ნ. 2020].  ახალი კორონავირუსული ინფექცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა რიგ ქვეყნებში, მათ შორისაა საქართველო, დაიწყო ვაქცინაცია, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს მის შეჩერებას. პანდემიით გამოწვეული ადამიანთა დანაკარგი საბოლოო სახით ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მასმედიის საშუალებებით მას უკვე შეერქვა „სასიკვდილო ვირუსი“, „მკვლელი ვირუსი“. ერთ-ერთ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენარალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიას მოუწოდა: „ მინდა ძალიან გთხოვოთ პრესას და მედიას. ხშირად გაისმის მედია საშუალებებით ეს სასიკვდილო ვირუსი, ეს მკვლელი ვირუსი და ასე და ასე ... რა თქმა უნდა ყოველი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ როდესაც სიკვდილიანობას ვადარებთ, ყოველთვის ვადარებთ სხვა ინფექციებს. ამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში სიკვდილიანობა ბევრად დაბალია ჯერადობით, ვიდრე ეს იყო   SARS - ის ინფექციის დროს, რომლის დროსაც გვქონდა 9 – 10%. ბევრად დაბალია, ვიდრე    MERS - ის კორონავირუსის დროს, როცა იყო 35%, ბევრად დაბალია, ვიდრე იყო ებოლას და სხვა ინფექციების დროს. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუ ვიხმართ ამ სიტყვას [24.02.2020, https://bit.ly/3beOESg].

პანდემიასთან ერთ წელზე მეტი თანაცხოვრების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანთა დანაკარგზე, რაც მეტად მტკივნეული თემაა. ყოველი საზოგადოებისთვის ღირებულია მისი თითოეული წევრის ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე. სწორედ ამიტომ,  სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს დაავადებათა პრევენცია და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების საზიანო ზემოქმედებისაგან დაცვა. თუმცა მხოლოდ სახელმწიფოს ძალისხმევა საკმარისი არ არის.  სახელმწიფოს და თითოეული მოქალაქის ერთობივი ძალისხმევით განისაზღვრება ქვეყნის მოსახლეობის სიჯანსაღე.  ნაშრომში გადმოცემულია, რამდენად მოახერხა საქართველომ სახელმწიფოსა და თითოეული ჩვენთაგანის ძალისხმევით ნაკლები ადამინური დანაკარგებით „გამოძრომა“. 

***

მედიასაშუალებები ახალი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციამ მოიცვა. მუდმივდ ხდებოდა დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკის განახლება, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მძიმე კადრების ჩვენება. ვრცელდებოდა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების რისკების შესახებ, ინფიცირების თავიდან აცილების გზებსა და რეკომენდაციებზე, დაინფიცირების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ და ა.შ. ვირუსის ამოუცნობი ხასიათი და არაპროგნოზირებადი მომავალი,  ფიზიკური დისტანცირება და კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური რისკები ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაბაზე ძლიერ გავლენას ახდენდა. ადამიანებს უხდებოდათ ცხოვრება დაავადების მუდმივი რისკისა და შიშის ქვეშ.

დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა კორონავირუსის შეზღუდვებისა და სირთულეების მიუხედავად, 2020 წლის ოქტომბერში ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა: კორონავირუსის პერიოდში მოსახლეობის თვითმოვლითი ქცევის, განწყობების, დაავადების რისკების აღქმის და სხვა საკითხებზე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტთა  9/10-ის აზრით საქართველოში კორონა ვირუსის საფრთხე სერიოზულია. მათ შორის 35,8%-ს საფრთხეს ძალიან სერიოზულად აღიქვამს.  ხოლო 9,5% მიიჩნევს, რომ საფრთხე არ არის სერიოზული.

საქართველომ ახალი კორონავირუსის ორი ტალღა გადაიტანა. 30 სექტემბრის მდგომარეობით ლეტალურად დასრულდა 39 შემთხვევა. ლეტალობის მაჩვენებელი ამ პერიოდში შეადგენდა 0,5%-ს. როცა ხდება ვირუსის შეფასება, როგორც: „მკვლელი ვირუსი“, აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად დიდია მისი გავლენა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კორონავირუსული დაავადების სწრაფი გავრცელება და მასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები სიკვდილიანობის მაჩვენებელს რამდენად ზრდის. ე.ი. გვაქვს თუ არა ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელი  - სიკვდილიანობა პოპულაციაში, რომელიც აღემატება სიკვდილიანობის მოსალოდნელ მაჩვენებელს.

ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო პირველი გარდაცვალების შემთხვევა 4 აპრილს.  საქართველოში იანვრიდან მოყოლობელი აგვისტოს ჩათვლით გარდაიცვალა 30 537 ადამიანი. ეს მაჩვენებელი 1 246-ით ჩამორჩება 2019 წლის და 644-ით 2018 წლის იგივე მაჩვენებელს. მოცემულ პერიოდში ყველა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევების კლებამ შეადგინა 30%, ხოლო პირველი დადასტურებული შემთხვევიდან აგვისტოს ჩათვლით 18%. პანდემიის პირველი ტალღის განმავლობაში საქართველოში შენარჩუნებული იყო სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი. თუ თვეების მიხევით განვიხილავთ ყველაზე დაბალი იყო სექტემბერში - 0,58% და ყველაზე მაღლი ივნისში, რომლის მაჩვენებელიც თითქმის 2,8-ჯერ აღემატებოდა სექტემბრისას. 

ცხრილი 1.

COVID-19 სიკვდილიანობის მაჩვენებელი თვეების მიხედვით (%).

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

1,11

1,53

1,62

1,46

1,28

0,58

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). 

ერთ მილიონ მოსახლეობაზე სიკვდილიანობის მიხედვით საქართველო 48-ე ადგილზე იყო. პირველ ხუთეულში კი იყვნენ: ბელგია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, იტალია.  ამ პერიოდში მომატებული სიკვდილიანობა უკვე აღინიშნა: ბელგიაში, საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისსა და ნიდერლანდებში [https://www.statista.com].

საქართველოში საზოგადოებამ პირველი შოკი თითქოს გადაიარა, რომ სექტემბრიდან იწყება კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა.

სექტემბრის თვიდან მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა, რასაც მოჰყვა ლეტალური შემთხვევების ზრდა.  თუ სექტემბერში გარდაცვლილი იყო 39 ადამიანი, ოქტომბრის თვეში გარდაცვლილთა რიცხვი 6,8- ჯერ გაიზარდა, ნოემბერში კი წინა თვესთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა. კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების პიკი იყო დეკემბერის თვეში, როცა გარდაცვალების მაჩვენებელი ოთხნიშნა ციფრი გახდა და გარდაცვალების 1238  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ცხრილი 2.

COVID-19 - ით გარდაცვლილთა რაოდენობა მეორე ტალღის დროს(%)

 

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

გარდაცვალების ახალი შემთხვევა

20

268

960

1238

სულ გარდაცვლილთა რიცხვი

39

307

1267

2505

წყარო:  https://civil.ge/ka/archives/355353 

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კოვიდით დაავადებულებში ლეტალურად დასრულდა 2 528 შემთხვევა ანუ ლეტალობის მაჩვენებელმა 1,1% შეადგინა. 2020 წლის პირველი ათი თვის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2019 წლის იგივე მაჩვენებელთან შედარებით 0,6%-ით ნაკლები იყო, თუმცა წლის ბოლოს (31 დეკემბრის მონაცემით) ეს მაჩვენებელი უკვე 5%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეადგინა 2 405 კაცი. 2020 წლის ყველა მიზეზით გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობა აღემატება არა მხოლოდ წინა წლის, არამედ 2018 და 2017 წლების გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას, მაგრამ 3,4% - ით ჩამორჩება 2016 წლის გარდაცვლილთა საერთო რაოდენობას. უნდა ვაღიაროთ, რომ „მკვლელი ვირუსული“ პანდემიის პერიოდში, როგორც მას მასმედიაში მოიხსენიებდნენ ხოლმე, 1697 კაცით ნაკლები გარდაიცვალა,  ვიდრე 2016 წელს, როცა არანაირი ვირუსული პანდემია არ იყო. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელთან შედარებით  გარდაცვალების უფრო მაღლი მაჩვენებლები ფიქსირდებოდა 2012 (49 347), 2014 (49 087) და 2015 (49 121) წლებში. 

 ცხრილი 3.

ყველა მიზეზით გარდაცვალილ პირთა რაოდენობა  2016-2020 წლებში

 

                              წლები

2016

2017

2018

2019

2020

გარდაცვლილთა რაოდენობა

50 771

47 822

46 524

46 669

49 074

     წყარო: geostat.ge 

დეკემბრის პიკის შემდეგ დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლება, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 11,6% - დან შემცირდა 8,2% - მდე. 2021 წლის იანვრის თვეში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ 673 კაცი შეადგინა. თებერვალში  კი გარდაცვალების მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა. სამწუხაროდ, პანდემია დღესაც გრძელდება და გარდაცვალების შემთხვევეი კვლავაც გვაქვს.

ინფექციონისტები ვარაუდობდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ რომ კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით მძიმე იქნებოდა ხანდაზმულთათვის. ისინი რისკ ჯგუფად ითვლებოდნენ. თუმცა 70 წლამდე ასაკის ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელი  13% - ით აღემატება 70-79 წლის გარდაცვალებულთა მაჩვენებელს და 16% - ით  79 წელს გადაცილებულთა გარდაცვალების მაჩვენებელს. 

ცხრილი 4.

COVID-19 - ით  გარდაცვლილთა რაოდენობა ასაკის მიხედვით (%)

 

            გარდაცვლილთა ასაკი

70 წლამდე

70-79 წელი

79-ზე მეტი

გარდაცვლილთა პროცენტული   რაოდენობა

43

30

27

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). 

სქესის მიხედვით გარდაცვლილთა ანალიზმა აჩვენა, რომ კოვიდით გარდაცვლილ მამაკაცთა მაჩვენებელი 10,8% - ით აღემატება ქალებისას. გარდაცვილთა შორის მამაკაცია 55,4% და ქალი 44,6%.

სამწუხაროდ, კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელმა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნა, კვლავ მოიმატა. ინფექციონისტები მესამე ტალღზე ალაპარაკდნენ. მესამე ტალღა და შეზღუდვები რეალობად იქცა სხვადასხვა ქვეყანაში. რამდენად „გამოვძვრებით“ მესამე ტალღიდან დამოკიდებულია თითოეული ჩვენთაგანის ქცევაზე. უმთავრესია გავუფრთხილდეთ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას. 

დასკვნა

ჩვენი ქვეყანა უკვე წელიწადზე მეტია რაც კორონავირუსული პანდემიის პირობებში ცხოვრობს. ამ ვირუსს „მკვლელი ვირუსი“ შეარქვეს. მაგრამ რეალურად რამდენად „მკვლელი“ იქნება ეს დამოკიდებულია თითოეული ჩვენთაგანის ქცევაზე.  ამაზე მოწმობს ქვეყანაში გადატანილი პანდემიის ორი ტალღა. პირველი ტალღის დროს ადამიანები ბევრად უფრო მობილიზებულები ვიყავით,  უკეთ ვიცავდით რეკომენდაციებს და ქვეყანამ „მკვლელი ვირუსით“ მხოლოდ 39 ადამიანი დაკარგა. მერე თითქოს გავუთამამდით მას, აღარ გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების გაფრთხილებები მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ, ნაკლები ყურადღება დავუთმეთ  რეკომენდაციების დაცვას და შედეგად მივიღეთ მეორე ტალღა, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. მეორე ტალღის პირობებში კოვიდინფექციით გამოწვეული  სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმდენად მაღლი იყო, რომ ნამატი სიკვდილიანობა დაფიქსირდა. 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 5%-ით აღემატებოდა წინა წლის იგივე მაჩვენებელს და 4,4%-ით 2017, 2018 და 2019 წლების საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებელთა საშუალოს. ხოლო 3,4%-ით ნაკლებია 2016 წლის სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს (50 771). სამწუხაროდ პანდემია დამარცხებული არ არის და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა სიცოცხლე ეწირება ამ „მკვლელ ვირუსს“. ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა მომაკვდავ ერთა სიაშია. პანდემია კი კიდევ უფრო აუარესებს ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას. 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.გამყრელიძე ა.  24.02.2020, https://bit.ly/3beOESg

2. გომელაური ნ. საქართველო მესამე ეპიდემიოლოგიური გადასვლის პერიოდში. აკადემიკოს პ. გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია "თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები და გადაჭრის გზები". ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, 17-18 ოქტომბერი, 2020. გვ. 172-177.

3. ერთი წელი COVID-19-ან ერთდ. მე-5-ე გადახედვა. 2021. https://mail.google.com/mail/u/0/#inbox?projector=1

4.  COVID-19 საქართველოში. დაავადებათ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიში. მე-4 გადახედვა. 2020 . https://mail.google.com/mail/u/0/#inbox?projector=1

5.  Урланис Б. Ц. (2007). Рост населения земного шара. Народонаселение. Иследованыя, публицистика. М.: Наука, С. 19-308

6. https://www.trt.net.tr/georgian/covid19

7.  საქსტატი www.geostat.ge

8.  https://civil.ge/ka/archives/355353